Sunday 24 May 2015

ზაფხულში საკითხავი წიგნები

წინასწარ არასოდეს ამირჩევია, რა უნდა წამეკითხა ზაფხულში. ბავშვობის ზაფხულებს სოფელში ვატარებდი და ქალაქიდან თან მიმქონდა ძირითადად და ტრადიციულად მათმატიკის დამატებითი სავარჯიშოების წიგნი, თოფურია, ცისფერ სქელ ყდაში გამოწყობილი და მძიმეწონიანი, რომელსაც თან ახლდა ასფურცლიანი რვეული და იგულისხმებოდა, რომ ზაფხულის ბოლომდე სავარჯიშოებით უნდა გამევსო, მაგრამ ცარიელი მომქონდა უკანვე ან მაქსიმუმ, ჯოკერის ანგარიშებით და დოკუმენტური მასალით ყოფილიყო შევსებული. ქალაქიდან მიმქონდა ინგლისურენოვანი, ადაპტირებული საკითხავიც, რომელიც ასევე ხელუხლებელი მომქონდა უკან.

ჩემი ზაფხულის საკითხავი იყო ყველაფერი, რასაც გადავაწყდებოდი. ერთი ეზოს გადაღმა ბებიას ძმის სახლში საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გველოდა და ჩვენ, როგორც ე.წ. "დაჩნიკები" ასაკის ან სიმაღლის მიხედვით ვეწყობოდით რიგში და საცალფეხო ბილიკით მივემართებოდით წიგნების ასარჩევად.
მე ყველაზე პატარა მკითხველი ვიყავი, ვიდრე ჩემი უმცროსი ძმა წამოიზრდებოდა და ჩემს უკან ჩადგებოდა საცალფეხო ბილიკზე მიმავალ და კითხვას მოწყურებულ გრძელ რიგში.
მე უმეტესად ის წიგნები მიზიდავდა, რასაც უფროსები არჩევდნენ. შუადღის სიცხისგან თავის დასაცავად თხილების ჩრდილში გაფენილ ადიელებზე, სკამ-ლოგინებზე და კაკლის ხის ქვეშ გაბმულ ჰამაკში მოკალათებული ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილებ-ბიძებ-დეიდებ-მამიდებიან-ბიცოლებიანად რომ კითხვას ვიწყებდით და ყველა საკუთარ წიგნში იყო ჩაფლული, მოუთმენლად ველოდი, ვინმე წყლის დასალევად მაინც ამდგარიყო და იმწამსვე მის დატოვებულ წიგნს ვეცემოდი. მომწონდა ყდაშემოცლილი და პირველფურცლებდაკარგული წიგნები, ან წიგნები, რომლის კითხვასაც იქიდან ვიწყებდი, სადაც სხვამ შეწყვიტა და რამდენიმე გვერდის მერე მიწევდა, დამებრუნებინა პირველი მკითხველისთვის.
თანამედროვე ავტორებმა კი ეს "ექშენი" თვითონვე შემოიტანეს წიგნებში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.
ასე იყო თუ ისე, ერთ წელს წასაკითხი წიგნები მე და ჩემმა ძმამ თბილისიდან წავიღეთ, მე "იდიოტი", მან - "დათა თუთაშხია".
15  წლის ვიქნებოდი ალბათ, არ მახსოვს. სამაგიეროდ, მახსოვს, რომ "იდიოტზე" დუნე, გაწელილი, მომაბეზრებელი წიგნი მეჩვენებოდა, რომ არც დაწერილა და არც დაიწერებოდა. მერე ჩემს ძმას გამოვართვი თუთაშხია და წყალივით წავიდა.
მალევე აღმოვაჩინე, რომ მეგობარმა, პირველი კლასიდან რომ ერთად ვიზრდებოდით, დიდი სიამოვნებით წაიკითხა იდიოტი და მოიხიბლა კიდეც. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ პოზა იყო და ვერ დავიჯერე, რომ მართლა მოეწონა.
საკითხავის ასაკის მიხედვით დაყოფის არ მჯერა.
მეოთხე კლასში ვიყავი, დრაიზერის კერი რომ წავიკითხე, იმიტომ, რომ მითხრეს, პატარა ხარ და ვერ გაიგებო და დღემდე მგონია, რომ მაშინვე გავიგე, რაც გასაგები იყო.
მაგრამ, როდესაც ცოტა ხნის წინ, ოჩოპინტრეს გამოცემულ "იატაკქვეშეთის ჩანაწერებს" ხელიდან ვერ ვაგდებდი და გზაში თუ სამსახურში თავი ვერ ავწიე წიგნიდან, ვიდრე ბოლომდე არ წავიკითხე, ერთ რამეს მივხვდი ან კიდევ ერთხელ გავიაზრე: საკითხავი ასაკის კი არა, სულიერი განწყობის მიხედვით იყოფა.
მაშინ, იმ ზაფხულს, 15 წლის რომ ვიყავი, ჩემი შინაგანი რიტმი და ტემპი აბსოლუტურად არ შეეფერებოდა "იდიოტს", მაგრამ ახლა "იატაქვეშეთის ჩანაწერები" და ჩემი გარკვეული ფიქრები (ზედაპირული ან ისეთი, სადღაც სულის კუნჭულებში რომ მქონდა გადამალული) დაემთხვა, უფრო სწორედ კი, დოსტოევსკიმ მიზანში მოარტყა.
ყველას გექნებათ ნათამაშები გემობანა. ე7, მოხვდა, გ3, აცდა. წიგნიც ასეა, კონკრეტულ დროსა და მომენტში ან "მოხვდა" ან "აცდა" და საუკეთესო შემთხვევებში კი "ჩაიძირა", ოღონდ ის, რაც ან ვინც იძირება, შენ ხარ, მკითხველი და წიგნსა და საკუთარ ფიქრებში იძირები.
როგორც მკითხველს, მგონია, რომ ოჩოპიტრეს თან სატარებელი წიგნების სერიის ახალი წიგნები, ამელი ნოტომის "მკვლელის ჰიგიენა" და ფიოდორ დოსტოევსკის "ორეული" ზუსტად ასეთი წიგნებია.
ცოტა ხნის წინ მკითხეს, რას ვიტყოდი "ორეულზე" როგორც რიგითი მკითხველი.
აი, ჩემი პასუხი: ორეული იცი როგორი წიგნია? აი, დასაწყისში შეიძლება ნერვებიც მოგეშალოს, მაგრამ შუას რომ მიუახლოვდები, უკვე ხვდები, რომ მოგწონს, ბოლოში რამ გახვალ და ფინალს წაიკითხავ, მიხვდები, რომ ძალიან მოგეწონა.
იატაკქვეშეთზეც და ახლაც, ახლოს რომ ვეკონტაქტე ბიძია ფიოდორს, ერთი აზრი ამეკვიატა, კაცი ასეთი ფსიქოლოგი ვერ იქნები, ასე ღრმად ვერ გეცოდინება როგორ ჭედავს ადამიანი, თუ შენ თვითონაც არ ჭედავ-მეთქი. მგონია, რომ ძნელი საურთიერთობო კაცი იქნებოდა.
რაც შეეხება მკვლელის ჰიგიენას, ბევრ მომენტში ალბათ მოგინდება, ხმამაღლა შეეკამათო წიგნის პერსონაჟებს, შენი აზრი გამოთქვა.
ხმამაღლა ვკითხულობდით მე და პინტრე, რაღაცებს ვამოწმებდით და ცოტა არ იყოს, საჯარო ადგილას ვისხედით. იქვე ახლოს ჩაიარა ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა, მერე შეანელა ნაბიჯი, იქვე იტრიალა, გვისმინა კარგა ხანს, რა უცნაურ რამეს კითხულობენო, ხმამაღლა და გამოთქმით გაიმეორე რამდენჯერმა და გაუდგა თავის გზას.

"შიშის ველი"-ს კითხვას რომ შესწრებოდა, ნეტავ მაშინ რას იტყოდა? 

No comments:

Post a Comment