Tuesday 21 October 2014

ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს

მწერალი რომ ვყოფილიყავი, აბსურდული პროზა ძირითადი ჟანრი იქნებოდა ჩემთვის.
აბსურდულ-სარკასტულ-სატირულ-მეტაფორულ-რეალისტური ნაზავი.
თუმცა უმეტესობა ფანტასტიკად აღიქვამდა, ალბათ.
დავწერდი წიგნს გამოგონილ ქალაქზე, რომელიც ასევე გამოგონილ ქვეყანაში არსებობს და სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად იყოფიან: ისინი, ვინც კადელთან დგას, სახით კედლისკენ, შუბლით კედელზე მიყრდნობილი და "იცის", რომ ყველაფერი კარგადაა,
ან ყოველ შემთხვევაში ისეა, როგორც უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ იძვრის ადგილიდან, თუ ვინმე საწინააღმდეგოს ეუბნება, ისიც მხოლოდ იმ ვინმეს ჩასაქოლად და მეორე კატეგორია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მხოლოდ თვითონ არის კარგი, განვითარებული, მხოლოდ თვითონ იცის, რა ხდება და ხედავს პრობლემებს, ხშირად რეალურად არსებულ პრობლემებს ხედავს, მაგრამ მისი ხედვაც მხოლოდ ცალფაა და ეს პრობლემატური ქვეყანა სძულს, უნდა, რომ შორს გაიქცეს მისგან.
შევადარებდი სახლს, სადაც ორი კაცი ცხოვრობს, ფანჯარა ღიაა და ძალიან ცივა. ერთი ჯიუტად იძახის, რომ არ ცივა, მეორე ამბობს, რომ ეს სახლი არ ვარგა, რადგან ცივა და აქედან წასვლის გეგმას აწყობს. თუმცა არც ერთს არ ახსენდება, ფანჯარა დაკეტოს.
უმეტეს დროს ერთმანეთისთვის იმის მტკიცებაში კარგავენ, ცივა თუ არა.
ამასობაში ღამდება, სიცივე იმატებს.
კაცები ერთმანეთს დაერევიან და ხელ-ფეხს დაიმტვრევენ.
მთელ ღამეს იატაკზე წვანან, რადგან წამოდგომის თავი აღარ აქვთ.
ღამით ყინვაა.
დილით კი ორივეს გაყინულს და გარდაცვლილს პოულობენ.
ფანჯარა ღია რჩება.

შემეძლო დამეწერა აგრეთვე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ტიპის წიგნი ან მოთხრობა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ტომი ულამაზეს ბუნებაში, ძალიან ძველი ტომია, საუკუნეების წინანდელი საცხოვრებლები და სალოცავებიც აქვთ შემორჩენილი, გამუდმებით იქ ცხოვრობდნენ. მაგრამ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ, რომელიც არ ჩანს, ზუსტად როდის დაიწყო, თუმცა უკვე მემკვიდრეობით გადაეცემა და ზოგად და საზოგადოებრივ პრობლემად უყალიბდებათ. ეს პრობლემა არასრულფასოვნების კომპლექსია, რომელიც ზოგჯერ ზოგჯერ ზედმეტად მაღალ თვითშეფასებას ჰგავს გარეგნულად.
რთულად და კომპლექსურად იქნებოდა ჩაშლილი თხრობისას გამომწვევი მიზეზები, გავლენა ერთმანეთზე.
ნაჩვენები იქნებოდა ის არასწორი აქცენტები და სწავლება, მშობლები როგორც მოძღვრავენ შვილებს.
პარალელურად სამი ხაზით განვითარდება პრობლემები ერთდროულად.
ერთი ის იქნება, რომ ახალგაზრდა თაობა ჩაკეტილი კომუნის აგრეთ დაიწყებს სიარულს, გადიან, ნახულობენ სხვა ცხოვრებას, ბრუნდებიან.
ხედავენ, რომ იქ რაღაც სხვანაირადაა, უკეთესადაა, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რეალურად რა არის ან რატომ არის უკეთესად იქ და სტიქიურად იწყებენ თავის ტომის ტერიტორიაზე ყველაფრის ნგრევას და იმ სხვაგან ნანახის, როგორც დაინახეს და რაც დაინახეს გადმოკოპირებას.
თვალსაჩინოებისთვის ნაჩვენები იქნება, რომ ამ ტომის ტერიტორიაზე სულ დაბალი საცხოვრებელი სახლებია, თიხისგან ნაშენები. სხვანაირი არც იციან, არც აუშენებიათ.
ახალგაზრდებს მოუნდებათ სხვაგან ნანახი მაღალი შენობის აშენება, მაგრამ მასალას ვერ შოულობენ, ამიტომ ანგრევენ ყველა სახლს ტომის ტერიტორიაზე და იწყებენ ამ მაღალი სახლის შენებას. მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ არც ინჟინერიაზე, არც მშნებელობაზე, არც უსაფრთხოების ზომებზე.
საბოლოოდ, ეს აკოკოლავებული მაღალი ხაფანგი პირველივე დიდი ქარის ან მიწისძვრის ან რაღაც მსგავსი სტიქიის დროს ჩამოინგრევა (ეს სტიქია ტომის ტერიტორიისთვის დამახასიათებელია და ამიტომაც იყო, საუკუნეების მანძილზე დაბალ სახლებს რომ აშენებდნენ, მაგრამ ეს ყველას დაავიწყდა და ბოლო პერიოდში ჩვეულების გამო აკეთებდნენ და არც იძიებდნენ, არც სწავლობნენ და არც ასწავლიდნენ, რატომ იყო ასე უმჯობესი) და ნახევარ ტომს ქვეშ მოიყოლებს.
რამე გზით ისიც იქნებოდა ნაჩვენები, რომ გააზრებულად რომ მიდგომოდნენ საკითხს, იმ სხვაგან ნანახზე რომ დაფიქრებულიყვნენ, ისეთი რამეების სწავლა და საკუთარ ცხოვრებაში განხორციელება შეეძლოთ, რაც კარგად წაიყვანდა მათ ცხოვრებასაც და განვითარებასაც.
მეორე პრობლემა, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, აღზრდაა. გოგოებს ზრდიან შთაგონებით, რომ მისი მიზანი გათხოვებაა. სხვა არაფერი. თუ ვერ გათხოვდა, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
ასწავლიან, რომ ყველა კაცი უპირატესია, მხოლოდ იმიტომ, რომ კაცია.
ბიჭებსაც ასეთივე იდეოლოგიით ზრდიან.
ქალი და ცოლი სხვადასხვა კატეგორიაა.
თუ ცოლი სექსუალური ურთიერთობისას სიამოვნებას იღებს, რაღაც ვერაა რიგზე. ტომის საბჭო სპეციალურ დამსჯელობით ზომებს იღებს.
ტომის საბჭო ერევა ყველაფერში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმარი თავის "კუთვნილ" ცოლს "ჭკუას ასწავლის".
როგორც კი ბიჭი გარკვეულ ასაკს აღწევს, მამას მიჰყავს ის სპეციალურად "ამ საქმისთვის" არსებულ ქალებთან.
გოგოებსაც და ბიჭებსაც მკაცრად ასწავლიან, რომ როგორც არ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, ვიდრე ტომი ცოლ-ქმრად არ აღიარებს, ერთმანეთთან მიკარება არ შეუძლიათ.
მაგრამ მამრობითი სქესის მოზარდებს და მოზრდილებსაც ასწავლიან, რომ სექსუალური აქტივობის სურვილის შემთხვევაში თავი არ უნდა შეიკავონ, მთავარია იმ ქალს არ მიეკარონ, ვინც უყვართ, ეს ცუდი საქციელია, "ამ საქმისთვის" სხვა ქალთან უნდა წავიდნენ, ვინც არ უყვართ.
ახალგაზრდების ნაწილი იწყებს ამ ტრადიციაში ეჭვის შეტანას, თუმცა მეორე ნაწილი, უფრო კონსერვატიულად აღზრდილი, უპირისპირდება მათ და ტომი ორ ნაწილად იყოფა, იწყება შეტაკებები.
დარჩენილი ტომის ნახევრის ნახევარი ამ შეტაკებებში იხოცება.

მესამე პრობლემა, რომელიც ზედა ორის პარალელურად მიმდინარეობს, არის უფროსი თაობის კაცების არასრულფასოვნების კომპლექსის გამძაფრება.
უკვე დასახელებული ორი პრობლემის ფონზე უჩნდებათ განცდა, რომ კარგავენ "პოზიციებს".
მოხუცი ქალები ცეცხლზე ნავთს უსხამენ.
მამაკაცები, იმის შიშით, რომ ქალები "დაეპატრონებიან" პირველობას, რადგან რეალურად, ისინი უკვე ყველაფერში ისევე ერკვევიან და კარგად გამოსდით, როგორც მამაკაცებს, მათთვის კი არავის უსწავლებია, რომ ქალი შეიძლება მამაკაცის თანასწორი იყოს, აწყობენ შეთქმულებას და ერთ ღამეს ყველა მათგანი კლავს საკუთარ ცოლს.
მოხუცი ქალები, რომლებიც რეალურად ჩაგრავენ საკუთარ ქმრებს, მაგრამ მოუწოდებენ და აქეზებენ შვილებს ამ შეთქმულებისთვის, საბოლოოდ თავიანთი ქმრების ხელით იღუპებიან, რადგან ვერ გაითვალისწინეს, რომ ქმრების საერთო შეთქმულებაში მათი ქმრებიც ჩაერთვებოდნენ.

წიგნი სრულდება იმის ჩვენებით, რომ ზემოაღწერილი ამბების მერე ტომის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე კაციღა რჩება ცოცხალი. მაგრამ ისინი მიჩვეული იყვნენ, რომ ცოლები და დედები უკეთებდნენ ყველაფერს. რჩებიან დაცარიელებულ ტერიტორიაზე, არ იციან რა ქნან და როგორ მოიქცნენ.
ნელ-ნელა თვითგადარჩენისათვის ერთმანეთს შორის დაწყებული ბრძოლის შედეგად, ისინიც იხოცებიან.


ეს ყველაფერი რომ აბსურდი და გამონაგონი იყოს, იქნებ მართლა დამეწერა.
მაგრამ მე სწორედ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ  

 
 





No comments:

Post a Comment