Tuesday 6 January 2015

მისტერ მერსედესი

ბებიაჩემი ლანისტერი არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის მასწავლიდა, ვალები უნდა გაისტუმროო. საერთოდაც არ ვერევი ლანისტერების საქმეში და ჩემს საქმეს მივხედო, ჯობია.
რამდენიმე თვეა, ვაპირებ ამ პოსტის დაწერას და ახლა, გარშემო ზოგი რომ ახალ წელს ზეიმობს, ზოგი იმაზე წუწუნებს, რატომ არ თოვს და ზოგი იმაზე ბუზღუნებს, მზე რატომ არ არის, ზოგი რომ უკვე აღნიშნული დღესასწაულების მერე ისვენებს და დანარჩენი ზოგი ახლა იღებს სტარტს, მე დავჯექი და იმის მაგივრად, რომ საქმე გავაკეთო, ვწერ პოსტს იმაზე, რომ არასოდეს იცი, ვისგან ყიდულობ ტკბილეულს შენთვის ან ახლობლის ბავშვისთვის.


პრინციპში, გადარჩენილები ვართ, სტივენ კინგმა და ჯორჯ მარტინმა რომ თავისი ფანტაზია წიგნების წერისკენ მიმართეს და სხვა არაფერში გამოიყენეს. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გადავამოწმებდი მათ სარდაფებს.

დიდი ხნის წინ გავაკეთე დასკვნა (ადრე რაღაცებს ვასკვნიდი ხოლმე), რომ ნებისმიერი ქმედების პირველი და უმთავრესი ეტაპი ფიქრში, გონებაში ამ ნაბიჯის გადადგმაა. ტვინი ხომ სამართავი პულტია და ხელებს და ფეხებს და მთელ სხეულს ბრძანებებს აძლევს და ისიც მექანიკურად ასრულებს. ამდენად, მთავარია ბრძანების გაცემა. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილა, რაღაცის გრცხვენია და მაშინ ხელებიც დამძიმებული გაქვს, ენაც გაქვავებული, ვერაფრით აკეთებ ან ამბობ. მაგრამ თუ იფიქრებ და იფიქრებ ამაზე, თუ გონებაში გადალახავ, მერე მოგეხსნება ბორკილები. მაგალითად, მიხვიდე და დაელაპარაკო გოგოს, რომელიც ძალიან მოგწონს, მაგრამ არ იცნობ.
ფიქრიდან სიტყვამდე და სიტყვიდან ქმედებამდე გზა კარგად ჩანს ვაჟას "ალუდა ქეთელაურში". ამაზეც ვილაპარაკებთ ალბათ ოდესმე.

მისტერ მერსედესის მთელი მისტიკა და საშინელებაც იმაშია, რომ აქ არაა არაფერი ზებუნებრივი, ფანტასტიური, დაუჯერებელი და ა.შ. პირიქით, ყველაფერი ისეთი რეალურია, ისეთი ხელშესახები, თანაც აქ ხდება, ამ დროში, შენს გვერდით.

თუ წაიკითხავთ, ერთ საიტს ასახელებს. თავიდან მეგონა, პავიჩის მსგავსად მეტყვის, ახლა თუ სულელი არ ხარ, ინტერნეტში ნუ დაუწყებ ძებნასო. მაგრამ არ უთქვამს და მეც მოვძებნე. Under Debbie's Blue Umbrella. მოვძებნე და ზუსტად ისეთი მთავარი გვერდი რომ გაიხსნა, რაც კინგმა აღმიწერა, მე და კომპიუტერის სკამი ერთმანეთს ვასწრებდით, ისე გავრბოდით.
ამ ფანჯარას რომ გახსნი, გახსოვდეს, განა მარტო შენ უყურებ, ისინიც გიყურებენო, - რაღაც ასეთი ფრაზა მახსოვს. ან შეიძლება ასე იყო - აქ თუ შედიხარ, ფანჯარას ხსნი, საიდანაც ისინი შენს სამყაროში იხედებიანო.

როგორც უნდა იყოს, სასწრაფოდ გამოვრთე.

კიდევ ერთი სხვა ფრაზაც დამამახსოვრდა - ისინი ჩვენს შორის არიან.

ნამდვილად. თანაც ისეთები, წლების მანძილზე შეიძლება იცნობდე, ან გეგონოს, რომ იცნობ და წარმოდგენა არ გქონდეს, მის თავში რა ხდება.
თანაც რომ იციან, საზოგადოების თვალში ისეთი იმიჯი აქვთ და რეპუტაცია, ვინც რასაც არ უნდა მოჰყვეს მასზე, არავინ დაიჯერებს.

მოკლედ, ასეთი ბიჭია მისტერ მერსედესი.
არავითარი აფექტის მდგომარეობა და დაუფიქრებელი ნაბიჯები.

დეტექტივები, როგორც წესი, თხრობის ბოლოს გიხსნიან კარტებს და გეუბნებიან, დამნაშავე სახლთუხუცესია.
აქ კიდევ არაფერი მსგავსი, პირველი ორი თავის წაკითხვის მერე, თუ არ ვცდები, ხელი გაქვს უკვე ჩამორთმეული სერიული მკვლელისთვისაც და სუიციდამდე მისული, დაღლილი სამართალდამცავისთვისაც.

ანტიკურ სამყაროში ერთსა და იმავე მითზე წერდნენ ხოლმე ავტორები, იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, ერთსა და იმავე სიუჟეტს როგორ განავითარებდნენ და ზოგადად, მთავარი იყო არა "რა?", არამედ "როგორ".
რამდენად იცნობს სტივი ანტიკურ-კლასიკურ მწერლობას და მაშინდელ არტ პრინციპებს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ აქაც "როგორ" არის წამყვანი კითხვა.

ყველაზე საშიში სფერო, უნდა ვაღიარო, რომ ადამიანის ფსიქიკა მგონია და მიმაჩნია.
ამ წიგნის წაკითხვის მერე, შეიძლება ტრანსპორტში გვერდით ოდნავ მოზრდილჩანთიანი ადამიანი რომ დაგიჯდეთ, ავარიული ბერკეტით გააჩეროთ მატარებელი და პოლიცია გამოიძახოთ.

ნაყინის მანქანებს და ყოველგვარ აიტიშნიკებს, საკაბელო და სატელეფონო ან რაიმე სხვა გაყვანილობების თანამშრომლებს ალბათ ახლოს აღარ გაეკარებით.

ისე, უნდა ვაღიარო, ეს ნაყინის ფურგონები არასოდეს მომწონდა. არასოდეს რა, ბოლო რამდენიმე წელიწადია გამოჩნდა. ჩამოდგება მაინცდამაინც ჩემს ფანჯარასთან ახლოს, ავისმომასწავებლად იმეორებს და იმეორებს თავის მექანიკურ მელოდიას.
ხოდა თურმე, მენაყინე, ღიმილით რომ აწვდს ბავშვებს ტკბილეულს, შესაძლოა სრულიად მშვიდად ფიქრობდეს და ფანტაზიორობდეს, რომელი საწამლავის შერევა ჯობია, რომ დახოცოს ისინი.

წიგნის ბოლო გვერდს რომ ვკითხულობდი, გავიფიქრე, ფინალს უფრო მძაფრს ველოდი, მაინც კინგია, მაგრამ დაბერებულა და გულჩვილი გამხდარა-მეთქი. მაგრამ ბოლო წინადადებამ დამარწმუნა, რომ ნაჩქარევი დასკვნა იყო.

პ.ს. ვიდრე ტკბილეულს იყიდით, მაინც კარგად ჩახედეთ თვალებში გამყიდველს, ყოველი შემთხვევისთვის.  

1 comment:

  1. Citizen Titanium Watch | TITanium - TITanium | TITanium - TITanium
    ‎Features · apple watch series 6 titanium ‎Solutions used ford fusion titanium · kadangpintar ‎Inventor · ‎Designers titanium mens wedding band · ‎Contact ford edge titanium for sale Us

    ReplyDelete