Tuesday 7 October 2014

ჭრელი პოსტი

როგორც აღმოჩნდა, ჩაიც და წიგნებიც იწვევენ შეჩვევას.
უფრო მეტიც, მიჯაჭვულობას. 
არადა, ერთ დროს უნალექო ყავა იყო სასმელი და ნალექიანი ყავა საჭმელი ჩემთვის მთელი დღის მანძილზე ხოლმე. 
როდის და როგორ გადავერთე ჩაიზე, არ ვიცი. 
თუმცა, ფაქტია, რომ დილიდან უხასიათოდ ვიყავი, რადგან ჩაი არ მქონდა.
ისიც კი არ დამეზარა, ოფისისთვის დამახასიათებელი, მოძრაობის ყველანაირ უნარდამაქვეითებელი და გამაზარმაცებელი ბორბლებიანი სკამიდან ავდექი, ლიფტის მაგივრად კიბით ჩავედი, არცთუ ორ ნაბიჯზე მდებარე პირველივე მარკეტში შევვარდი და ჩაი ვიყიდე (დასაყენებელი, შავი, ყოველგვარი მინარევების გარეშე). 

პოსტის დაწერას, როგორც ყოველთვის, სხვაგვარად ვფიქრობდი, დასაწყისს მაინც, მაგრამ სხვაგვარად გამოვიდა. 

პირველი ქვეთავი უნდა ყოფილიყო: "როგორ ვარჩევ წიგნს წასაკითხად".
არც როგორ. 
არანაირი კანონზომიერება, მეთოდი და თანმიმდევრულობა არ გამაჩნია ამ დროს. 
ალბათ ისევე ვირჩევ წიგნებს, როგორც გადაწყვეტილებებს ვიღებ, დაუფიქრებლად. 
გავიწვდი ხელს და რაც ხელთ აღმომაჩნდება, ვიწყებ იმის კითხვას. პირველი რამდენიმე გვერდის მერე უკვე გარკვეულია, გაგრძელდება თუ არა ჩვენი ურთიერთობა. 
ზოგს ალბათ გახსოვთ ოჩოპინტრეს სხვა პოსტებიდან, რომ თუ წიგნი თან არ მაქვს, ვისაც აქვს, მას გამოვართმევ, მნიშვნელობა არ აქვს, რა წიგნია, ვკითხულობ მანამდე, ვიდრე ამის საშუალებას მაძლევს სამსახური ან წიგნის პატრონი და შეიძლება მერე აღარც მოვიკითხო ის წიგნი. რამდენიმე დღის შემდეგ კი სხვას გამოვართვა სხვა წიგნი და ა.შ. 
მაგრამ არიან წიგნები, რომელთანაც ასე მარტივად ვერ მაშორებენ.
თვითონვე რომ მეუბნებიან, იყოს, ხვალ მომიტანეო. 
რაც არ უნდა გაჭედილ ტრანსპორტში აღმოვჩნდე, მაინც რომ ვკითხულობ.
რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, ღამე რომ შემომათენდება ხოლმე. 

როგორია ასეთი წიგნები? 
ან რას ნიშნავს კარგი წიგნი? 
ან რატომ და რა კრიტერიუმებით მოგვწონს წიგნები?

ვიდრე ამ კითხვებზე გავცემდე პასუხს, არ მახსოვს, როგორ ვაპირებდი, მაგრამ ლოგიკურად და ორგანულად უნდა ჩამერთო გუშინდელი საღამოს აღშფოთება. შენიშვნები იმის თაობაზე, რომ  საკუთარი თავის იქით არავის არაფერი აინტერესებს. რომ საღამოს საშინელი საცობის დროს გზას იხვეწებოდნენ სასწრაფო დახმარების, სახანძრო და სამაშველო სამსახურების მანქანები, ხმოვანი თუ მანათობელი სიგნალები არ დაუშურებიათ, მაგრამ გზის დათმობაზე არავის უფიქრია. შინ ეჩქარებოდათ ბიჭებს. და მას რა ექნა, ვინც დახმარებას ელოდა?
ასეთ დროს წიგნებზე და მაღალ მატერიებზე საუბრის ენთუზიაზმი მეკარგება.

საერთოდაც, რა საჭიროა წიგნის კითხვა?
რატომ ვკითხულობთ?

შოთამ ჯერ კიდევ როდის თქვა და სკოლიდან ზეპირად მახსოვს, თუმცა მნიშვნელობას სულ რამდენიმე წლის წინ მივხვდი ალბათ, რადგან სკოლაში მასწავლებლები თავიანთი უცოდინრობის დამალვას აგრესიით ცდილობდნენ და რამის ახსნა და განმარტება ბევრ მათგანს ავიწყდებოდა (ან არ შეეძლო).
"არა ვიქმ, ცნობა რას მიზამს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა".
ასეა, წიგნი წავიკითხე, დავხურე და არაფერი ვისწავლე, ან ვისწავლე, მივხვდი, მაგრამ არაფერში გამოვიყენე, წყლის ნაყვაა.
თუმცა, უნდა ვაღიარო, ათასი სისულელე მაქვს წაკითხული, საიდანაც ვერც ვერაფერს ვისწავლიდი. მაგრამ მაინც ვკითხულობდი ხოლმე, პატარობისას. გაზეთის ნახევი რომ მეპოვა, იმასაც ვკითხულობდი, დასახიჩრებულ და გვერდებჩამოხეულ სიტყვებს.
ისიც უნდა ვაღიარო, რომ არ მიყვარს პათეტიური წიგნები, ისეთები, კათედრაზე რომ გადმოდგებიან და გმოძღვრავენ.
უფრო ისეთი წიგნები მიყვარს, უბრალო, შენი თანასწორივით რომ გიყვებიან ამბავს. დასკვნები შენზეა, სტრიქონებს შორის რას დაინახავ, ეგეც შენზეა.

გამახსენდა, რომ წიგნების კლასიფიკაციაზე ან უფრო სწორედ, იმ უცნაურ სკალაზეც უნდა დამეწერა, რომელიც მგონია, რომ არსებობს.
თუმცა მანამდე ზემოთ დაწყებულ აზრს დავასრულებ, რა მასწავლეს წიგნებმა?
მასწავლეს, რომ თითოული ადამიანი ინდივიდია. რომ არ იცი, მის უკან რა ამბავი დგას, იქნებ რომელი წიგნი იკითხება მის გავლილ დღეებზე?
არიან საშიში ადამიანებიც, ისეთებიც, ვისაც თუ ახლოს მოუშვებ, დაღს დაასვამენ შენს ცხოვრებას და საერთოდ, ადამიანები ტოვებენ კვალს ერთმანეთში.
მაგრამ არასოდეს უნდა გააერთიანო ადამიანები რაიმე ნიშნის მიხედვით, ყოველი მათგანი გამონაკლისია. აი ისე, როგორც გრამატიკაში, არის წესი, პარადიგმა და არის გამონაკლისები. თითოეული ადამიანი სწორედ ამ გამონაკლისად იქცევა, როდესაც მასიდან გამოდის და გაიხლოვდება და ისევე ფაქიზად უნდა მოექცე, როგორც უცნობი ნივთიერებით სავსე კოლბას.

წიგნებს ზოგჯერ უბრალოდ იმიტომ ვკითხულობთ, რომ დროში გაჩენილი პაუზები ამოვავსოთ, აუტანელი სიჩუმე გადავლახოთ, ჭაობივით დამდგარი და ღრუბლიანი დღე ავამოძრავოთ...
მაგრამ წიგნი ტოვებს კვალს, როგორც ადამიანი.


მე მაინც მგონია, წიგნების საკლასიფიკაციო სქემა რომ ფერებში გამოვსახოთ, სამფერიან სკალას მივიღებთ. ერთი ფერი აერთიანებს წიგნებს, რომელიც მიეკუთვნება დონეს "მსუბუქი".
აქ მოთავსებულია წიგნები, რომლებიც პირადად შენ ვეღარ გაძლევენ ვერაფერს ახალს. ის, რაც მათში წერია, შენთვის უკვე გავლილი ეტაპია (ემოციურად, თეორიულად, ემპირიულად და ა.შ.). დაახლოებით ისეთივეა, მეცხრეკლასელს ამოსახსნელად პირველკლასელის ამოცანა რომ მისცე.

შემდეგი დონეა "თანასწორი".
ამ თაროზე თავს იყრიან წიგნები, რომელიც შენი განვითარების ან ცხოვრების იმ კონკრეტულ ეტაპს და საფეხურს ემთხვევა, როდესაც კითხულობ. მოგწონს ის, რომ პოულობ ბევრ საერთოს, დამთხვევებს, შეიძლება აგაღელვოს კიდეც, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ განვითარების იმავე ეტაპზე რჩები, სადაც იყავი. დამატებითი სავარჯიშოების კეთებას ჰგავს განვლილ მასალაზე, განამტკიცა, მაგრამ ახალი არაფერი შეგმატა.

მესამე დონეა "რევოლუციონერი".
ესაა წიგნები, რომელიც გცვლიან. შემოიჭრებიან შენს სამყაროში, აგრევენ, ყველაფერს დავდაყირა დააყენებენ, რაღაცებს სხვა რაკურსებით დაგანახებენ. მოკლედ, მათთან ურთიერთობის მერე შეიძლება კარგა ხანი მოანდომო გონს მოსვლას, მაგრამ ერთი რამ გარდაუვალია, ასეთი წიგნის დახურვის შემდეგ ისეთი აღარ ხარ, როგორიც მანამდე იყავი.

რაც ყველაზე საინტერესოა, ეს სკალა გამუდმებით იცვლება. რაც უფრო წინ მიიწევ, მისი ნიშნულებიც მოგყვება. ქვედა თუ ზედა ზღვარი.
ეს სკალა აბსოლუტურად ინდივიდუალურია და უამრავ რამეზეა დამოკიდებული, რომელი წიგნები რომელ შრეში მოხვდება თითოეული მკითხველისთვის.


აქვე მივუბრუნდები ზემოთ დასმულ და ღიად დატოვებულ რამდენიმე შეკითხვას: როგორია ასეთი წიგნები?
ან რას ნიშნავს კარგი წიგნი? 
ან რატომ და რა კრიტერიუმებით მოგვწონს წიგნები?

წიგნი, რომელიც ჩაგითრევს, ისაა, იმ კონკრეტულ წამს ყველაზე მეტად რომ ემთხვევა შენს განწყობას და ფიქრებს.
სწორედ ასე და ამ კრიტერიუმით მოგვწონს წიგნები, რომელმაც მოგვიღიტინა გულში, მოერგო ჩვენს განწყობას და ფიქრებს, შეიძლება უმცირესმა დეტალებმაც კი მოგვაწონებინოს ან დაგავწუნებინოს წიგნი.
ამიტომაც, ვიდრე ერთი ერთზე არ დაიწყებ მასთან ურთიერთობას, ვერ განსაზღვრავ, მოგწონს თუ არა.
ალბათ ამიტომაცაა, რომ არასოდეს ვკითხულობ არც ანოტაციებს, არც ავტორების ბიოგრაფიებს.
მნიშვნელოვანია ის, რაც ჩემი და ტექსტის უშუალო ურთიერთობის შემდეგ დამრჩება.

რას ნიშნავს და როგორია კარგი წიგნი?
ეს ისეთი წიგნია, რომელიც მკითხველთა უმეტესობისთვის სამფერიან სკალაზე მესამე (ან მინიმუმ მეორე) დონეზე აღმოჩნდება.
ლიტერატურული კრიტიკის და შუამავლების გარეშე მოახერხებს რაღაც სათავისო აპოვნინოს მკითხველს მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ან ეპოქაში ცხოვრობს ავტორი და რომელში მკითხველი.

მართალია, მე ყველაფერი სუბიექტური აღქმების დონეზე დავიყვანე, არისტოტელე კი არ მეთანხმება და მიმტკიცებს, ლიტერატურის აღქმის ობიექტური და საზოგადო კრიტერიუმები არსებობსო, მაგრამ ვერაფრით დამითანხმა.

ხოლო იმის შესახებ ვის ვედავო, რომ რუსთაველი და გურამიშვილი და მითუმეტეს ჰაგიოგრაფია დაბალ კლასებში არ უნდა ისწავლებოდეს, არ ვიცი. შე კაი კაცო, ქრონოლოგიურად კი ასე დაიწერა, მაგრამ ჯერ ის ასწავლე ამ ბავშვებს, რაც მათ თანამედროვე და ყოველდღიურ ენასთან უფრო ახლოსაა და ნელ-ნელა, რეტროსპექტიულად მიიყვანე იმ ტექსტებამდე, შენს ენაზე დაწერილი პირველი ლიტერატურული ნიმუში რომ არის. თორემ ვერ იგებს ვერაფერს, იტანჯება და რამდენიც არ უნდა უწერონ დედიკოებმა, ბებიკოებმა და ახლობელ-მეზობლებმა დავალებად მიცემული ნაწყვეტების შინაარსები, მისთვის მაინც უცნაური ენით დაწერილი და სრულიად გაუგებარი ტექსტებია და უარყოფით ან სულ მცირე, გულგრილ დამოკიდებულებას უჩენს, რაც ბოლომდე გაყვება. 

No comments:

Post a Comment