Saturday 19 October 2013

ოჩოპინტრეს უცნაური სურვილებიდან

დღეს მეგობარმა, რომელიც იმდენი წელია მიცნობს, დათვლა დამეზარა, მითხრა, შენ ყოველთვის ისე იქცევი, როგორც სწორად მიგაჩნიაო.
ალბათ ამაზე დავფიქრდი და თან გზადაგზა აღმოვაჩინე, რომ ვიღებ ავტობუსის ბილეთს მაშინაც, როდესაც კონტროლიორი არ მომსდევს, ნაგავს ყოველთვის ურნაში ვყრი, გაზონზე არ დავდივარ, ქუჩაში წყალს თუ ონკანი აქვს, ვკეტავ და სხვ. თუმცა არა იმიტომ, რომ წესიერი მოქალაქე ან კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ამ ორიდან არც ერთი შეფასება არც შემეფერება და არც მომწონს. უბრალოდ თითოეული ამ ქცევის ჩემი პირადი და გააზრებული საფუძველი მაქვს. ზოგიერთი მათგანი ხომ მას შემდეგ გაჩნდა ჩემს ჩვევებში, როდესაც გავიაზრე და იყო დრო, როდესაც ასე არ ვიქცეოდი.
ჩემი პირადი მორალური სისტემა მაქვს, სულ ესაა და ეს. არც ლექსები მიწერია სამშობლოზე, არც ის მახსოვს, ყანწით მესვას სადღეგრძელოები ან პირობა დამედოს, ამ ქვეყნისთვის მოვკვდები-მეთქი. არც მაისური მცმია წარწერით "მე მიყვარს საქართველო", არც რაიმე მსგავს ჯგუფში ვარ გაერთიანებული...
მაგრამ მაინც ისე ვიქცევი, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ასევე ვცდილობ სხვებს არ მოვექცე ისე, როგორც არ მენდომებოდა, მე მომქცეოდნენ. თუ ვინმეზე უარყოფით კომენტარს, შეფასებას ან რაიმე მონათესავეს წარმოვთქვამ, სწორად მიმაჩნია, მივიდე და პირადადაც გავუმეორო. სჯობს, ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიცია. სხვა გვერდებზე საკუთარი გვერდის რეკლამას არ ვდებ, სხვების წიგნებს ვუფრთხილდები და ვერ ვიტან, როდესაც ჩემსას არ მიბრუნებენ, როდესაც პასუხისმგებლობას ვიღებ, მაქსიმალურად ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და თუ რაღაც მომანდეს, არ დავაღალატო.
კიდევ უამრავი ახირება მაქვს, რა თქმა უნდა.
პატარობიდან გული მწყდება მაკულატურაზე და პურის ნამცეცებზე.
ფურცლებზე ყოველთვის მახსენდება, რომ შეიძლება ისინი ჩაიბარონ, გადაამუშავონ...
პურის ნამცეცებზე კი მახსენდება, რომ ფანჯრის რაფაზე თუ დაყრი, ბეღურები მოვლენ და აკენკავენ.
 
ბოლო დროს მაკულატურაზე ბევრს ვფიქრობ. აქა-იქ არის ჩამბარებელი ცენტრები, მაგრამ თვითონ არ მოდიან და არ მიაქვთ. წონით იბარებენ, მაგრამ კაპიკებს იხდიან. ცოტას მისატანად სირბილი არ ღირს. ბევრის მიტანას მანქანა უნდა და გზა ხარჯია და სხვ. ამ და სხვა მიზეზთა გამო და ალბათ იმის გამოც, რომ ასეთი ცენტრები საკმაოდ ცოტაა (ჩემი აზრით), ადამიანები მარტივად კუჭავენ, ხევენ ან შუაზე კეცენ და პირდაპირ სანაგვეში ისტუმრებენ ფურცლებს.
მე ხომ მე არ ვიქნებოდი, აქ რომ გავჩერებულიყავი. ფიქრი განვაგრძე და უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში, სადაც ბევრი მაკულატურა გროვდება, ყუთები რომ დაიდგას-მეთქი და ისიც კი წარმოვიდგინე, როგორ გაივლიან ლაპარაკში გართული სტუდენტები და გასასვლელთან ამ ყუთში თითო ფარატინა ქაღალდს ჩააგდებენ. მაგრამ ერთი მეორეს მიემატება და დაგროვდება.
თუმცა აქ სხვა ფიქრი ჩაერთო, ვინ უნდა დაცალოს შემდეგ ეს ყუთები?
ვიფიქრე კერძო კომპანიებზეც, მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტებზე ანუ. მაგრამ ისინი, საეჭვოა, მცირე რაოდენობისთვის მოვიდნენ და ტრანსპორტირებაზე დრო და მუშახელი დახარჯონ. თანაც თუ ჩამბარებელი პუნქტია, ადამიანი რის ადამიანია, პრეტენზია არ გაუჩნდეს, უფასოდ რას ვუყარო ყუთში ფურცლები, აწონოს და გადამიხადოსო... ისევ წრეზე წავალთ ასე.
არადა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქაღალდი ხისგან მზადდება?

ვიფიქრე, ვიფიქრე და ამჟამად აქ შევჩერდი: სანაგვე ყუთების გვერდით თითო ყუთი მაკულატურისთვის რომ დაიდგას, სანაგვე მანქანებიდან თითო ან ორი მანქანა და რამდენიმე თანამშრომელი ამ საქმისთვის გამოიყოს და უმტკივნეულოდ, თავიდან ალბათ ცოტა, მერე ცოტა მეტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩაიყრება, მოგროვდება, ჩვენც მივეჩვევით, ვისწავლით.
განა ადვილი არ არის, გაივლი, ჩააგდებ და მორჩა.

სად უნდა წავიდეს ეს მაკულატურა?
ათას კარგ საქმეს შეიძლება მოხმარდეს: დაამზადონ უამრავი ქაღალდის პარკი პოლიეთილენის პარკების ნაცვლად, დაბეჭდონ წიგნები და გააკეთონ უფასო ბიბლიოთეკები, ან გაგზავნონ მაღალმთიან სოფლებში, იქაური ბიბლიოთეკებისთვის, სკოლებისთვის, გადასცენ მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, სასკოლო წიგნები დაბეჭდონ ან რა ვიცი, კიდევ რა.

მე ხომ მეოცნებე ვარ. თანაც ოპტიმისტი. ხოდა თქვენი დახმარების მჯერა. ჩვენ, ჩვეულებრივი, რიგითი, მოკვდავი ადამიანები თუკი დავწერთ ღია წერილს, შევაგროვებთ ბევრ ხელმოწერას და ვთხოვთ მავანთ და ვისაც ეს ხელეწიფება, ბიძიებო და დეიდებო, ჩვენ, უჩინონი, გეხვეწებით, თითო ყუთი დაგვიდგით, მაკულატურა რომ ჩაყვაროთ-თქო... თუ ბევრნი ვიტყვით, მოგვისმენენ.

თუ მოვინდომებთ, შევცვლით.
მანადე კი, ზამთარი მოდის და ფანჯრის რაფაზე ნამცეცების დაყრა არ დაგავიწყდეთ ხოლმე.


    

No comments:

Post a Comment