Monday 16 September 2013

რატომ ვერ ვიტანდი სკოლას



როდესაც რამეს ვწერ, გამუდმებით ვცდილობ, რომ არ ეტყობოდეს სქესი, ასაკი და სხვა დეტალები. რატომ ვიქცევი ასე, არ ვიცი.
თუმცა ამ შემთხვევაში, რიგი ფაქტების დაკონკრეტებას ვერ ავუვლი გვერდს.
სკოლა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა იმდენი ხნის წინ დავამთავრე, რომ ჩემი კლასელის სამი შვილი (ოთხიდან) დღეს დილით სკოლისკენ მიიჩქაროდა, მე კი წესით არაფერში მეხებოდა ეს დღე, მაინც შემეხო.
ჯერ იყო და დილით ხმამაღალმა მუსიკამ გამაღვიძა. ჯაზ-ფესტივალის გასხნას უფრო ჰგავდა, ვიდრე სკოლის დაწყებას, მაგრამ უდავოდ სჯობდა შარშანდელ დასაწყისს. მაშინ „დაისი“ თუ „სადარბაზო“ დაუკრეს. აი ის მუსიკა, მამაპაპურ ქორწილებში სიძემ რომ უნდა გამოიცეკვოს პატარძალი, მაგრამ ცეკვა რომ არ იცის და რომელიმე ნათლია ან ბიძა რომ აცეკვებს პატარძალს. აი ისეთი ბიძა, ყველა ქორწილში რომ არის და ადრე რომ ცეკვავდა და ახლა ღიპი მოზრდია და ქართულის გასმებზეც უფრო მალე იღლება და ამ დროს მიკროფონში თამადის ხმა ისმის, თანდართული ექოთი: მივესალმოთ ნეფე-პატარძალს...
შესავალი გამიგრძელდა, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც დილით სამსახურში წასასვლელად გამოვედი სახლიდან და დაახლოებით ოცი წუთი ვცდილობდი გზის გაკვალვას მოსწავლეებს, მშობლებსა და მანქანებს შორის, დავფიქრდი, რა არის მისალოცი სასწავლო წლის დაწყებაში. 

სკოლა არასოდეს მყვარებია. და ყოველ 31 აგვისტოს იმდენს ვოცნებობდი, ოღონდ მეორე დღეს სწავლა არ დაწყებულიყო, ეგებ ახლა 1 სექტემბერს რომ არ იწყება, ამას ულოცავენ ბავშვებს?
სკოლა რომ დავამთვრეთ, რამდენიმე გოგომ იტირა ბოლო ზარზე და მახსოვს, გამიკვირდა, რა ატირებდათ. მე საოცრად ბედნიერი ვიყავი და მას შემდეგ ყოველ წელს, სწავლის დაწყების დღეს ერთით მეტი მიზეზი მაქვს სიხარულის: მე სკოლაში არ უნდა წავიდე.
ვიცი, ახლა მეტყვით, ეს რა არის, ბაშვები უნდა შეაგულიანო, გაახარო, ან გაამხნევო, მაღალფარდოვანი სიტყვებით მიულოცო და უთხრა, რომ სკოლა ცოდნის ტაძარია (თუ ეგ უნივერსიტეტია?). გულახდილი ვიყო, მირჩევნია.
ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, „ხუთოსანი“ ვიყავი. თუმცა არ ვიცი, რომელი საგანი არ მიყვარდა ყველაზე მეტად. ალბათ, ყველა. თუმცა, იყვნენ ისეთი მასწავლებლებიც და იყო ისეთი დღეებიც, როდესაც რაღაც ახალს ისწავლიდი ან გაიგებდი ადამიანი.
ძირითადად, იმიტომ არ მიყვარდა სკოლა, რომ დღემდე ასე ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების 11 წელი მე და მათ, ვისაც პასუხისმგებლობა ჰქონდა, ერთად გავფლანგეთ. არადა, რამდენად ნაყოფიერად შეიძლებოდა გამოყენება. 

მახსოვს, როგორ ვისხედით ხოლმე მერხებთან და ვკარგავდით დროს. მახსოვს მზესუმზირაზე დაპატიჟებული მასწავლებლებიც, მათი გახსენებული კურიოზებიც და დაშტამპულივით ერთნაირად დაწყებული თემებიც საკონტროლო წერის რვეულში.
მე, რა თქმა უნდა, მაშინვე მეამბოხე ვიყავი. ვსწავლობდი იმიტომ, რომ მრცხვენოდა, ფეხზე ავმდგარიყავი და მეთქვა, არ ვიცი-მეთქი. „გარდაცვლილ პოეტთა საზოგადოებას“ და სხვა ფილმებს რომ ვუყურებდი, ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს მეც ასეთივე მეამბოხე მასწავლებელი გავხდებოდი. საგანს არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთავარი იყო, რომ ადამიანები თავისუფალი აზროვნებისთვის მიმეჩვია. თავისთავად მასწავლებლობა არ მინდოდა, მაგრამ ამ მთვლემარე და ყოველდღიური სიტუაციის გამოფხიზლება მინდოდა. 

როდესაც გავიზარდე, ერთმა ქალმა მითხრა (ჩემი ამ ძველი ფიქრის შესახებ არაფერი იცოდა), შენ რომ მასწავლებელი ყოფილიყავი, სიამოვნებით ჩაგაბარებდიო ჩემს შვილს. მასწავლებელი არ გავხდი.
მახსოვს სანთლის შუქზე დაწერილი დავალებები, ნავთის სუნიან დაბალ ქურაზე ადუღებული ჩაი და სიცივე შინ, სკოლაში, ქალაქში...
მახსოვს, როგორ არ მიყვარდა პერიოდი 20 აგვისტოს შემდეგ. იმიტომ რომ მაშინ უნდა გადამედო ყველა საკითხავი წიგნი და ძირითადად მათემატიკის და ინგლისურის დავალებების წერა დამეწყო, რომელიც ბევრი იყო და ვერ მოვასწრებდი და თან არც ვინმე გამოიკითხავდა ხოლმე ბოლოს.
ვერ ვიტანდი, რომ სოფლიდან, სადაც შემეძლო სიმწვანეში ჯდომა და წიგნის კითხვა (სხვა გასართობებზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას), ქალაქის პატარა სახლში უნდა დავბრუნებულიყავი და სამეცადინოს ჩავჯდომოდი. თანაც იმდენ უაზრო რამეს ვაკეთებდით. არაფერი რომ არ დამრჩა იქიდან.
მგონი, თვითონაც მიხვდით, რატომ ვერ გავუგეთ მე და სკოლამ ერთმანეთს. ალბათ, იმასაც მიხვდით (ან მე გეტყვით), რომ ძალიან მიხარია, სკოლებში სიახლეები. ძირითადი სიახლე კი ის არის, რომ ადამიანებს აზროვნების საშუალებას აძლევენ. თითოეულ ბავშვს პიროვნებად აღიქვამენ და მისი აზრი, თუნდაც მცდარი, უნდა მოისმინო...
შეიძლება, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თეორიის დონეზეა უმეტესად, მაგრამ გზა აქეთ აქვს (მე ხომ საოცრად ოპტიმისტი ვარ).
და ბოლოს, პატივს ვცემ ყველას, ვისაც შეუძლია, ისე გამოიყენოს თავისი დრო, რომ რაღაც ახალი ისწავლოს ან ასწავლოს.
გისურვებთ, უქმად არ დაგეკარგოთ დღეები. რადგან ყოველი ხვალ სხვა დღეა.     

    

No comments:

Post a Comment