Thursday 12 September 2013

ანუ გვყავს თუ არ გვყავს?



ბოლო დროს ხშირად მესმის (შეიძლება ესეც მოდის ამბავია), ქართველებს მთარგმნელები არ გვივარგაო.
„ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ“ - ეს მახსენდება. (უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი უმცროსი დედმამიშვლის ურყევი რწმენით, ასოციაციების მამა ვარ). 

მე პირადად, ძალიან მიხარია, რომ უცხოურ ლიტერატურას რუსული თარგმანის შუამავლობის გარეშე ვთარგმნით ახლა და ვთარგმნით თითქმის ყველა ენიდან. 
კიდევ იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ რომელიმე წიგნის რუსული ან ინგლისური თარგმანი ნაკლებად მკვეთრად მოგხვდება ყურში სხვათა შორის ერთი დამატებითი მიზეზითაც. სკოლაში სიის ამოკითხვის დროს ყველაზე მკვეთრა და ხმამაღლა რომელი გვარი ჟღერდა, გახსოვთ? რა თქმა უნდა, შენი საკუთარი. მიუხედავად იმისა, ხშული ბგერებისგან შედგება, მკვეთრისგან, ყრუსგან, მჟღერისგან თუ როგორც არის. 

სხვადასხვა ეროვნების ხალხის პირის აპარატი რომ სხვადასხვანაირადაა მოწყობილი, იცით? ენის, კბილების და ხახის (თუ სასის?) განვითარება და მათ მიერ ხშირად წარმოთქმული ბგერების პირდაპირპროპორციულობა საოცრად საინტერესო სფეროა. ეგ კი არადა, ერთ-ერთი ენათმეცნიერისგან მსმენია, რომელიც სხვათაშორის ძალიან განათლებული და ჭკვიანი კაცი იყო, რომ მასზე უფრო ჭკვიანმა და განათლებულმა ენათმეცნიერებმა ცდა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სხვადასხვა ეროვნების ახალშობილების პირველი ტირილი ერთმანეთისგან განსხვავდება.
ჩემი ბებერი, კეთილი მეგობარი მილორად პავიჩი (რომლის სიკვდილიც ისევე მეწყინა, როგორც ზემოხსენებული მეცნიერის) ამბობს, რომ ღიმილებიც ითარგმნება.
მე კი მჯერა, რომ სიჩუმე ყველაზე ენაზე სხვადასხვანაირად ჟღერს. 
მიწაზე რომ დავეშვათ, კურიოზს არადა ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენჯერაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები შევკრებილვართ, უნებურად ერთმანეთის ენების და ეროვნული ხასიათების შესწავლას ვიწყებდით. იმისთვის, რომ რაღაც დასკვნები გააკეთო, უმჯობესია აიღო სიტყვა, რომელიც ყველა ენაზე არსებობს და მოუსმინო ჟღერადობას. ქართული „მიყვარხარ“ მოითხოვს მთელი სახმო იოგების დაჭიმვას, ხორხის გავლას, კუჭამდეც კი ჩადის, ენა ხან კბილებს ეჯახება, ხან სასას და თუ ხმამაღლა და გამოთქმით იტყვი, გაჩუმების მერეც ცოტა ხანს გიგუგუნებს ყურებში და ყელში, როგორც დიდი ზარის შემოკვრის შემდეგ. რუსული „ლიუბლიუ“ ბავშვთან თამაშს ჰგავს ან ბავშვის ღუღუნს, მხოლოდ ტუჩებით ითქმება და ენაც მსუბუქად ეხება წინა კბილებს. სხვა რამეა ფრანგული ვნებიანი „ჟეტემ“, თითქოს აუცილებლად ყურში უნდა გითხრან, თან ისე, ტუჩებით ოდნავ გეხებოდნენ....
ყოველთვის ვამბობ, რაც უნდა ეცადო, ორი ენა ერთმანეთს ვერასოდეს დაემთხვევა. სხვა თუ არაფერი, სარკეში როცა იხედები, მარჯვენა ყური მარცხნივ გაქვს. თარგმანისა და ორიგინალის შედარება ისეთივე აბსურდად მეჩვენება, როგორც სიზმრის ნახვა და სიზმრის მოყოლა შეადარო. 

მე მწამს, კარგი თარგმანი ისაა, რომელიც კითხვისას დაგავიწყებს, რომ თარგმანია. რომელიც უხეში კალკი კი არ იქნება, არამედ იმავე ამბავს შენს ენაზე მოგიყვება, რასაც ავტორი თავის ენაზე უყვებოდა თავისიანებს. 

ერთმა უკრაინელმა გოგომ მითხრა, ქართველები ყველაზე ხშირად ასო „ყ“-წარმოთქვამთო. გამიკვირდა, შევიცხადე და ასე შემდეგ. თვითონ რა თქმა უნდა „ყ“-ს ვერ ამბობდა, სახმო იოგები და ყელი ეძაბებოდა და „კ“-ს ვერ გასცდა. გამიღიმა და მითხრა, როგორ არის თქვენს ენაზე წყალიო. 

რაღაცნაირად სხვანაირი ემოციის ხალხი ვართ ქართველები, მაქსიმალისტები.          

No comments:

Post a Comment