Friday 15 May 2015

წიგნების უკანა მხარე

გუშინ საღამოს შინისაკენ მეტროთი მივდიოდი, ხალხს ვუყურებდი და გამახსენდა, ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე, ძალიან შეიცვალა ბუნებაო. როცა კი ამას იტყოდა, ვფიქრობდი ხოლმე, რომ ბუნება კი არ შეიცვალა, ბებია დაბერდა.
მერე იმაზე დავფიქრდი, რომ პოსტებში სულ ბებიების ნათქვამებზე ვწერ, მაგრამ ლოგიკურიცაა, რადგან ერთი ბაბუა მაშინ გარდაიცვალა, მე რომ 40 დღის ვიყავი და შესაბამისად, ვერ დავიმახსოვრე, რას ამბობდა ხოლმე, მეორე ბაბუა კი ისეთი ჩუმი კაცი იყო, რომ ძირითადად ბებიების ფრაზები დამამახსოვრდა. 
მერე იმაზე დაფიქრებაც მოვასწარი, რომ ან მართლა შეიცვალა ბუნება, ან ახლა უკვე მე დავბერდი. მაგრამ ფაქტია, რომ ამინდები კალენდარს არ ნებდებდა ან არცაა ფაქტი. 
მერე სახლში მივედი, ეგ მახსოვს, მაგრამ იმ აზრამდე როგორ მივედი, რომ წიგნების უკანა მხარეზე უნდა დამეწერა პოსტი, ეგ კი აღარ მახსოვს. თუმცა, მგონი, ეგ არც ისე მნიშვნელოვანია. 
ბოლო დროს ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ოჩოპინტრეს შიდა სამზარეულო სანტა კლაუსის სახელოსნოს მაგონებს, სადაც თითოეული სათამაშო ხელით მზადდება, ყველა ჩართულია მის აწყობაში, ზოგი თლის, ზოგი ღებავს, ზოგი ბორბლებს უმაგრებს ან თვალებს (გააჩნია, რა სათამაშოა), ზოგი ლაკს უსვამს და ა.შ. ოჩოპინტრეებიც ასე არიან, ფუსფუსებენ და ფუსფუსებენ, თითოეულ წიგნს ყველა ოჩოპიტრე კრეფს, კითხულობს, არედაქტირებს, მსჯელობენ, ფიქრობენ, მერე შეისვენებენ, ისადილებენ და ისევ საქმეს უბრუნდებიან. ოჩოს წიგნების გარეკანების მხატვარი მანამდე არ იწყებს ხატვას, ვიდრე წიგნს არ წაიკითხავს. 
კულისებში აღმოვჩნდი, სცენის მიღმა. ძალიან განსხვავებული განცდაა. ერთია, როდესაც წიგნს კითხულობ, მზა წიგნს, რომელზეც სხვებმა იმუშავეს, გამოსცეს და მკითხველის როლში ეკონტაქტები ამ წიგნს. სხვა ამბავია, როდესაც ამ ყველაფრის უკანა მხარეს აღმოჩნდები, შენ ხარ ის უხილავი ვიღაც ან ვიღაცები, ვის ხელშიც გამოიარა წიგნმა, ვიდრე საბოლოო სახეს მიიღებდა. 
ისეთივე განსხვავებული განცდაა, როგორც სპექტაკლის ან ფილმის ყურება და მეორე მხრივ, რეპეტიციებზე, კულისებში ან გადაღების პროცესზე აღმოჩენა. განა უბრალოდ აღმოჩენა, მონაწილეობის მიღება.   
შეიძლება მხოლოდ შენ იცოდე, რომ ის ერთი სიტყვა ან მძიმე, შენი ინიციატივით ჩასწორდა, მაგრამ მაინც გიხარია. 
კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოა, როდესაც საქმე ეხება წიგნს, რომელიც აქამდე არ ყოფილა ნათარგმნი, როდესაც მთარგმნელთან კონტაქტობ, ჩართული ხარ ცოცხალ პროცესში. და კიდევ და კიდევ უფრო საინტერესოა ეს ყველაფერი, როდესაც საქმე ისეთ ავტორს ან ისეთ გმირს ეხება, რომელსაც ბავშვობაში ან არც ისე ბავშვობაში კითხულობდი და მოგწონდა. ისეთი შორეული იყო, ხელმიუწვდომელი და უცებ (შეიძლება მაშინ, როდესაც საკუთარ ასაკობრივ მიღწევებზე ფიქრისას უფროს ბიძაშვილებზე კი არა, ბებია-ბაბუებზე ფიქრობ) ეს წიგნი, გმირი ან ავტორი საოცრად ხელშესახები ხდება. შენს თვალწინ და იქნებ ცოტა ჩარევითაც კი ორიგინალის ტექსტი ხორცს ისხამს სულ სხვა ენაზე, ახალ იპოსტაზში იწყებს არსებობას. რაღაც ისეთი განცდაა, მსახიობი, რომელიც მხოლოდ ეკრანზე გყავდა ან სცენაზე ნანახი და მოგწონდა, ახლა ნახო საგრიმიოროში, გრიმის და ფორმის გარეშე, ტექსტს რომ იმეორებს და როლში შედის. განა უბრალოდ ნახო, მიეხმარო კიდეც, თუნდაც მხოლოდ რაიმე რეკვიზიტი მიაწოდო, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მონაწილეობა მიიღე ამ ყველაფერში. 
ერთიც უნდა ვთქვა, მეგონა, ასეთი სიახლოვე ჯადოსნურობას დაუკარგავდა გმირს, ან იმ სამყაროს, ძალიან მიწიერი გახდებოდა ან იმ შეგრძნებას დაემსგავსებოდა, ადრე რომ თოვლის ბაბუის გჯეროდა და ახლა შენ თვითონ იცვამ თოვლის ბაბუის კოსტიუმს, რომ შენმა პატარებმა დაიჯერონ სასწაული... 
თუმცა, წიგნებთან დაკავშირებით, მგონი, ასე უფრო მეტი ჯადოსნობაცაა. უყურებ და ქიმიური ცდასავით, რომელშიც შენც ხარ ჩართული, მასალიდან შედეგამდე მიდის "ის" და "ის" მისი უდიდებულესობა წიგნია. 
ეს ყველაფერი კი იმას მოვაყოლე, რომ დაახლოებით ორ კვირაში წიგნოფილების საყვარელი დღეები დადგება და ოჩოპინტრე ხელცარიელი არ მოვა შეხვედრაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ სტამბა იყოჩაღებს და საზეიმოდ გაცნობებთ, რომ ახალი და სპეციალურად ოჩოპიტრესთვის და მისი მეგობრებისთვის შესრულებული თარგმანით შეგიძლიათ ისიამოვნოთ. 

     

No comments:

Post a Comment