Saturday 3 June 2017

ჩვენ - პირველი სამუშაო მიმოხილვა

იმის ნაცვლად, რომ ახალდაბეჭდილ "გარდასახვაზე" ან "პინგვინთა კუნძულზე" ვწერო, ვწერ წიგნზე, რომელიც გზაშია, ქმნის პროცესშია და დღე-დღეზე ველოდებით მის დაბადებას.
ქართულად, თორემ ორიგინალი 1920-იან წლებში, ადრეულ ოციანებში, ან სულაც 20 წელს ან 21-ში მოევლინა ქვეყანას (რატომღაც არ ჩავთვალე ამ ეტაპზე იმდენად მნიშვნელოვნად დაწერის ზუსტი თარიღი, რომ გადამემოწმებინა. მერეც მოვასწრებთ).

იშვიათად მქონია ასეთი განცდა წიგნზე, რომ კითხულობ და ისე მოგწონს, ქვეცნობიერში წარმოქმნილ ასოციაციებს ვეღარც ეწევი, იმდენია და იმდენად კომპლექსური და ისე გიხარია, დიახ, განა უბრალოდ მოგწონს, გიხარია. რა გიხარია?
არ ვიცი. ან ის, რომ ამ წიგნს შენ კითხულობ, ან ის, რომ ეს წიგნი საერთოდ არსებობს, ან ის, რომ სხვას შეგიძლია წააკითხო და გაუზიარო, ან ის, რომ შენი ტვინი ასე გამალებით მუშაობს და რაც კი ოდესმე წაუკითხ-გაუგონია ალაგებს, ადარებს, ახარისხებს, ერთმანეთში ხლართავს და ა.შ.

ჯერ შუამდე არ ვარ მისული და უკვე პოსტს ვწერ. რადგან მეშინია, რომ მერე და მერე კიდევ იმდენი ასოციაცია წამოვა, სულ დამავიწყდება, რისი ფიქრიც უკვე მოვასწარი.

ახლა, როდესაც პოსტის წერა დავიწყე (სამსახურში სახელმწიფო მნიშვნელობის მოვალეობები გვერდზე გადავდე და ვჩქარობ, ვიდრე ისინი შემამჩნევენ), წიგნის გარეკანის ძებნა დავიწყე, რომ პოსტში ჩამესვა და რეალურად თვალხილული მაგალითი ვიპოვე იმისა, რასაც ვფიქრობდი. კერძოდ, ზამიატინის "ჩვენ" იმ წიგნთაგანია, რომელშიც ბევრი სხვადასხვა რამის ამოკითხვა შეიძლება.
რა შუაშია აქ გარეკანი?
იმ შუაშია, რომ გარეკანზე გამოტანილი სიმბოლოები, თემები და მინიშნებები, რაც დავინახე და რაც თითქმის ნახევრამდე წაკითხული წიგნიდან ვიცანი, ადასტურებს, რომ ყველამ ან თითქმის ყველამ სხვა რამ წამოსწია წინ.
ერთი სული მაქვს ვნახო, რას და როგორ დახატავს ოჩოპინტრეს დიზაინერი.

ჯერ თარგმანს ჩემამდე არ მოუღწევია.
რუსულად ვეცნობი.
დროდადრო იმაზეც ვფიქრობ, ნეტავ რას იზამს მთარგმნელი, როგორ გადმოაქართულებს ამ ეპიზოდს, ამ ფრაზას ან ამ სიტყვას-მეთქი და გულში მიხარია კიდეც, რომ ამის კეთება მე არ მიწევს.
ვერაა ადვილი ამბავი.
იწვალებ, ელოლიავები, სულს უბერავს თარგმანს, საკუთარ ნაწილად გექცევა. მერე წაიკითხავს ვინმე ჩემნაირი ან ჩემზე უფრო ახირებული მკითხველი და თავს გადაიქნევს, ნწ, ნწ, ნწ, ესა და ეს რომ ასე არ გეთარგმნა, აჯობებდა, ემოციურად ცდება ერთმანეთსო და ათასი შარი.
მხოლოდ თავის გადაქნევას თუ დასჯერდა, კიდევ არაუშავს.

შემამჩნიეს.
დანარჩენს შემდეგ პოსტში განვაგრძობ.

სასაუბრო გეგმა:
რა არის ანტიუტოპია.
რატომ აკნინებენ ზამიატინის ჩვენ-ს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილვით.
ვინ არის რეალურად მთავარი გმირი და მეამბოხე.
მფარველი ანგელოზები, სიზმართმცველები და სხვ.
წესრიგი როგორც თავისუფლების აღკვეთა.
ანტიგონე, ალუდა ქეთელაური და დ-503.
სამოთხიდან გაძევება.
ევა არსებული წესრიგის წინააღმდეგ.
ქალი მაცდური? გილგამეში.
ზოგადსაკაცობრიო თემები და ზამიატინი.
თანასწორობა და ინდივიდუალიზმის დეფიციტი.
კომუნიზმი, ჰიპები, უტოპია, ანტიუტოპია.


მოგვიანებით ჩანიშნულ-მიმატებული თემები და საკვანძო ფრაზები:
გარდატეხის ასაკი. გარდატეხა. საკუთარი სხეულის გაუცხოება.
ჩვენ გაგებიდან მეს გამოყოფა. ფსიქოლოგიური განვითარება.
სული - განუკურნელი სენი, ავადმყოფობა.
სიზმარი - ფსიქიური აშლილობის გამოვლინება.
სიყვარული - როგორც რუსთაველთან, შლეგობა.
მსოფლმხდეველობის, რწმენის შერყევა.
ეჭვი ღირებულებებში, განცდა, რომ ფსიქიურად რაღაც ვერ გაქვს რიგზე.
შეუცნობელი, როგორც შეფარდებითი ცნება.
ზღვარი წესრიგსა და დიქტატურას შორის.
რა არის ველურობა და პროგრესი - ესეც შეფარდებითი ცნება.

  

No comments:

Post a Comment