Showing posts with label ოჩობუქს. Show all posts
Showing posts with label ოჩობუქს. Show all posts

Friday, 11 November 2016

ნეტოჩკა ნეზვანოვა - ლესბიური რომანი?

ჩემი და დოსტოევსკის ნაცნობობა ცუდად დაიწყო.
ადრე რომელიღაც პოსტში ვყვებოდი, მგონი.
რამდენი წლის ვიყავი, არ მახსოვს, მაგრამ ჩემი უმცროსი ძმა უკვე თავისი სურვილით მოაცუხცუხებდა თბილისიდან სოფელში ზაფხულში წასაკითხ წიგნებს.
ანუ არც პატარა ვიყავი. 
სკოლა დამთავრებული ალბათ არ მქონდა, ან სადღაც ახლომახლო პერიოდი იქნებოდა.
მე "იდიოტი" წავიღე.
ჩემი შინაგანი ტემპი, განწყობა, სისხლის ჩქეფის რიტმი და გულის ცემის ამპლიტუდა საერთოდ არ დაემთხვა დუნე, გაწელილ და როგორც მაშინ აღვიქვი წუწუნით სავსე რომანს. 
შუამდეც ვერ მივედი.
მრავალი წელი გავიდა და დღემდე აღარ მიხლია ხელი "იდიოტისთვის".

Saturday, 28 November 2015

დროის მანქანა, ყველაზე ძველი მხატვრული ნაწარმოები, უკვდავების საიდუმლო და სხვა ამბები

იდეალები და მისაბაძი მაგალითები არასოდეს მყოლია, ვერ ვიხსენებ. მაგრამ აი შლიმანის ყოველთვის მშურდა.
საერთოდაც, არქეოლოგობა მინდოდა, მგონი.
მთელი ეს უძველესი ნივთები და ნატეხებიდან აწყობილ-აღდგენილი ისტორიები, აი თურმე მათ როგორ უცხოვრიათ საუკუნეების წინ და ა.შ.
იმის აღმოჩენა, რომ ადამიანები, ვინც ისე დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ, რომ ეზოში თითოს თითო დინოზავრი ება, ძაღლის მაგივრად ან ცხენის, ვისი სახლებიც და ქალაქებიც დრომ და მიწის რამდენიმე ფენამ დაფარა და მითოლოგიურ არსებებად წარმოგიდგენია, რეალურები იყვნენ, განა უბრალოდ რეალურები, ჩვეულებრივები, ჩემსავით, შენსავით ჭამდნენ, სვამდნენ, ჭურჭელი, სამკაულები, საოჯახო ნივთები და იარაღები ჰქონდათ, უცნაურ განცდას გვიჩენს.
მუზეუმები დიდად არ მიყვარს, მაგრამ იმ ნივთების ხელშესახებ მანძილზე არსებობა, რომელიც გაუგონრად შორეულ პერიოდს ეკუთვნის, ამაღელვებელია.
ახლა წარმოიდგინე, შინ რომ გედოს რამე ასეთი ნივთი. მე-17 ან მე-15 საუკუნის კი არა, ამ წელთაღრიცხვის დაწყებამდე მე-17 და მე-15 საუკუნის.

Monday, 27 July 2015

ამბოხი თუ მორჩილება? "ორეული" და "პროცესი"

თავიდან ვაპირებდი, "ორეული"-ს შესახებ დამეწერა და სათაურად რამე ასეთი შემერჩია: ქცევითი აშლილობა, შიზოფრენია, პიროვნების გაორება და სხვა თავგადასავლები. მაგრამ გეგმა შეიცვალა. 

ფრანც კაფკას "პროცესი" და ფიოდორ დოსტოევსკის "ორეული" თითქმის ერთ წიგნად წავიკითხე. თანმიმდევრობა პირიქით იყო, ჯერ "ორეული", მერე - "პროცესი".  შუალედი თითქმის არც მქონია, ან მაქსიმუმ - რამდენიმე საათი. თუ რამეს დავწერ, ორივეზე ერთად, თორემ ცალკ-ცალკე თავს ვერ ვაბამ.    





იოზეფ კ.-სა და იაკობ გოლიადკინის შედარებითი დახასიათება 
ანუ "ორეულისა" და "პროცესის" ანალიზი

Sunday, 24 May 2015

ზაფხულში საკითხავი წიგნები

წინასწარ არასოდეს ამირჩევია, რა უნდა წამეკითხა ზაფხულში. ბავშვობის ზაფხულებს სოფელში ვატარებდი და ქალაქიდან თან მიმქონდა ძირითადად და ტრადიციულად მათმატიკის დამატებითი სავარჯიშოების წიგნი, თოფურია, ცისფერ სქელ ყდაში გამოწყობილი და მძიმეწონიანი, რომელსაც თან ახლდა ასფურცლიანი რვეული და იგულისხმებოდა, რომ ზაფხულის ბოლომდე სავარჯიშოებით უნდა გამევსო, მაგრამ ცარიელი მომქონდა უკანვე ან მაქსიმუმ, ჯოკერის ანგარიშებით და დოკუმენტური მასალით ყოფილიყო შევსებული. ქალაქიდან მიმქონდა ინგლისურენოვანი, ადაპტირებული საკითხავიც, რომელიც ასევე ხელუხლებელი მომქონდა უკან.