Sunday, 25 May 2014

ის, რაც იღუპება, ბავშვის სულია ანუ რატომ გვჭირდება იმედი

ბერძნულიდან თარგმნა მაია კილაძემ
ანდონის სამარაკისის "გვესაჭიროება იმედი" მოთხრობების კრებულია, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაგვასწრო მისი თარგმნა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
წიგნი ცოტა ხნის წინ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სერიაში "ახალი ბერძნული ბიბლიოთეკა" გამოიცა. 
თუმცა ამავე კრებულიდან რამდენიმე მოთხრობა, ამავე მთარგმნელის მიერ გადმოქართულებული უკვე კარგა ხანია ინტერნეტსივრცეში არსებობს და წარმოდგენის შესაქმნელად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. 

ოჯახური ძალადობა

შეიძლება ბოლო დროს გახშირებულმა ან გახმაურებულმა შემთხვევებმა დამაფიქრა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ვიჯექი და ვცდილობდი, გამეხსენებინა, ბერძნულ მითოლოგიაში და ტრაგედიებში სადმე ქმარი თუ კლავს ცოლს. ვერაფრით გავიხსენე. დედა რომ შვილს კლავს, შვილი დედას, მამა შვილს, ან ცოლი ქმარს, ძმა ძმას - ასეთები კი გამახსენდა მომენტალურად. ცოლი რომ ქმრის საყვარელს კლავს, ეგეთებიც. ინცესტები, თვითმკვლელობები, ინტრიგები, სასიყვარულო სამკუთხედები, ოთხკუთხედები და ტეხილებიც.